თამთა ჩაჩანიძე
22.10.2019

 ჩეხეთის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სამსახურის ხელმძღვანელ მიხაილ კოუდელკას ცნობით, მისმა უწყებამ და პოლიციასთან რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, რომელიც, პრაღაში რუსეთის საელჩოს მეშვეობით მოქმედებდა. ამის შესახებ მან ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„ეს ჯაშუშური ქსელი მთლიანად განადგურებული და გაუვნებელყოფილია. ქსელი შექმნეს რუსულ „ფე-ეს-ბესთან" დაკავშირებულმა ადამიანებმა, რომლებიც ფინანსდებოდნენ როგორც უშუალოდ რუსეთიდან, ასევე ჩეხეთში რუსეთის საელჩოსაგან," -განაცხადა კოუდელკამ ჩეხეთის პარლამენტში.

მისივე ინფორმაციით, ამ ქსელის წევრები როგოც ჩეხეთში, ისე სხვა ქვეყნებში მდებარე სამიზნეებზე ინტერნეტ თავდასხმებს გეგმავდნენ. გარდა ამისა, კოუდელკას ცნობით, ჩეხეთში გამოვლენი ჯაშუშური ქსელი უფრო დიდი სადაზვერვო სტრუქტურის ნაწილია, რომელიც რუსეთმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში შექმნა. თუმცა, კოუდელკას არ დაუსახელებია კონკრეტული ქვეყნები, თუ სად მოქმედებს სგავსი ქსელები.

აღნიშნული გამოძიების შესახებ ინფორმაცია ჩეხეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმაც დაადასტურა, რუსეთის საელჩომ კი ჯაშუშური ქსელის მუშაობაში მონაწილეობა უარყო.

2018 წლის დეკემბერში ჩეხეთის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სამსახურმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2017 წელს რუსეთმა და ჩინეთმა ჩეხეთის რესპუბლიკაში სადაზვერვო საქმიანობა გააძლიერეს. წლიური ანგარიშის ავტორები ირწმუნებიან, რომ რუსი ჯაშუშები ვებ გვერდებს დეზინფორმაციისთვის და რუსი ინვესტორების მიერ ჩეხური კომპანიების შეძენისთვის იყენებენ.

ჩეხეთის პრესა ასევე წერდა იმის შესახებ, რომ 2018 წლს დასაწყისში რუსი ჯაშუშების სხვა ჯგუფი გამოვლინდა, რომლებმაც ჩეხეთის მოქალაქეობა მოიპოვეს და პრაღაში ორ კომპანიაში დაიწყეს მუშაობა. ითვლებოდა, რომ ისინი პროგრამისტები იყვნენ და შესაბამის აპარატურას ყიდდნენ, თუმცა რეალურად ამავე დროს ისინი ჩეხეთში ჰაკერულ თავდასხმებს ახორციელებდნენ.

ჩეხი ანალიტიკოსები აცხადებენ,რომ რუსეთის მიზანია ნატოსა და ევროკავშირის ცალკეული წევრების შესუსტების გზით ალიანსების დაშლა.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ კოუდელკამ სწორი გადაწყვეტილება უწოდა ჩეხეთის რესპუბლიკიდან სამი რუსი დიპლომატის გაძევებას, რომლებმაც ინგლისის ქალაქ სოლსბერიში სკრიპალების გახმაურებულ მოწამვლასთან იყვნენ კავშირში. მისი თქმით, სამივე რუსული დაზვერვის ოფიცერი იყო.

კოუდელკამ პარლამენტში გამოსვლისას ყურადღება ჩინეთზეც გაამახვილა. მან განაცხადა, რომ რუსეთთან ერთად, ჩინეთიც დიდ საფრთხეს უქმნის ჩეხეთს, თუმცა, მისივე თქმით, ჩინეთმა განსხვავებული ტაქტიკა აირჩია - თუ მოსკოვი დიპლომატიური საქმიანობის საფარქვეშ ჯაშუშობას ეწევა, პეკინი უცხოელ მეცნიერებს, პოლიტიკოსებსა და სხვა მოღვაწეებს თავისთან იწვევს და საჭირო ინფორმაციის მისაღებად მათ გადაბირებას ცდილობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×