რეზონანსი
22.10.2019

 (რეზონანსი) კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე შეიძლება, კიდევ ერთი პირი, ჩვილის მამა, დააკავონ.

ცოტა ხნის წინ, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში მიხეილ დვალიშვილი დაიბარეს და ბრალი - არასრულწლოვანთან ნებაყოფლობით სქესობრივი კონტაქტის გამო წაუყენეს.

როგორც მიხეილ დვალიშვილის მამიდა ნონა დვალიშვილის ამბობს, ოჯახმა არ იცოდა, რომ გოგონა არასრულწლოვანი იყო.

"ოჯახში არ ვიცოდით, რომ ეს გოგო არასრულწლოვანი იყო, ჩემი ისედაც გამწარებული ძმისშვილი, კიდევ უფრო უარესად უნდა გაამწარონ? იმ გოგოს დედამ იმ საღამოს, როდესაც მისი შვილი ჩემს ძმისშვილს გამოყვა, პოლიციაში განცხადება შეიტანა, რომ ჩემი ქალიშვილი დაიკარგაო. შემდეგ, ისევ თვითონ გამოიტანა ეს განცხადება უკან და პოლიციას განუცხადა, რომ სასეირნოდ ყოფილა შეყვარებულთან ერთადო. თუ ამ ოჯახს არ უნდოდა ჩემი ძმისშვილი ან ჩემმა ძმისშვილმა იძულებით მოიყვანა მისი ქალიშვილი ცოლად, მაშინ რაღატომ დამალა ეს ამბავი? სასამართლო პროცესი არ ვიცი, ზუსტად, როდის ჩაინიშნება, შეიძლება დღესაც ჩანიშნონ", - ამბობს ნონა დვალიშვილი „რეგიონულ კვირასთან".

ამ წუთებში, მიხეილ დვალიშვილი ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილთან ერთად გორის პოლიციაში იმყოფება.

შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოო სასჯელად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი, 16 წლის დედა 21 მაისს დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×