(რეზონანსი) თბილისში, გუშინ ე.წ გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტს სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს.
„მსჯავრდებული დ. კ. (დაბ. 1980 წ.) 17.08.2015 წლიდან იხდიდა სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ძარცვა). მსჯავრდებული იმყოფებოდა პირველადი ჯანდაცვის გუნდის სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ. სამედიცინო გამოკვლევების და კონსულტაციების საფუძველზე, დადგენილი ჰქონდა დიაგნოზი: ბოდვითი აშლილობა; ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა; ინსომნია; არტერიული ჰიპერტენზია; ცეფალგია; ქრონიკული ვირუსული C ჰეპატიტი (ნამკურნალები - 2018წ); ჩატარებული ჰქონდა დადგენილი დიაგნოზების შესაბამისი მკურნალობა. ამ ეტაპზე, ფსიქიატრის რეკომენდაციით დანიშნული ჰქონდა და იღებდა პრეპარატს „კეტილეპტი" 50 მგ. დღე-ღამეში.
მსჯავრდებულმა ბოდვითი აშლილობის გამო, რამდენჯერმე გაიარა სტაციონარული მკურნალობის კურსი სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში. ბოლოს 27.08.2019-29.08.2019წწ მოთავსებული იყო N18 პენიტენციურ (ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო) დაწესებულებაში, ხოლო 30.08.2019 წ. გადაყვანილ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც იმყოფებოდა ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში.
21.10.2019 წ. დაახლოებით 18:25 სთ-ზე დ.კ. შეუძლოდ გახდა, რის გამოც საკანში გამოძახებული იქნა ოჯახის ექიმი. 18:26 სთ-ზე საკანში მისულ სამედიცინო პერსონალს მსჯავრდებული დახვდა უგონო მდგომარეობაში, არ აღინიშნებოდა სუნთქვა და არ ისინჯებოდა პულსი არც პერიფერიულ და არც ცენტრალურ სისხლძარღვებზე. მედპერსონალმა დაუყოვნებლივ დაიწყო გულ-ფილტვის რეანიმაცია, რომლის მსვლელობის დროს რამდენჯერმე გაკეთდა ადრენალინის ინტრავენური ინექცია. პარალელურად, 18:30-სთ-ზე გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც ადგილზე მოვიდა 18:53 სთ-ზე. სასწრაფო დახმარების მოსვლის შემდეგაც, დაწესებულების სამედიცინო პერსონალი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში კვლავ განაგრძობდა გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარებას, თუმცა მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა და 19:05 სთ-ზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.
მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, რომელმაც 21 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება მომხდარ ფაქტზე", - აცხადებენ უწყებაში.