ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით, თბილისში ერთობლივად დააკავეს დანაშაულებრივი დაჯგუფების 5 წევრი:
1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ნასამართლევი ნ. მ., 1960 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი დ.გ., 1960 წელს დაბადებული, ადრე ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1965 წელს დაბადებული ნ.კ. 18 ოქტომბერს, თბილისში, ჯანჯღავას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ჯგუფურად ყაჩაღურ თავდასხმას აპირებდნენ.
ამავე ფაქტზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს 1986 წელს დაბადებული ზ.მ.
ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის მე-5 წევრი, 1965 წელს დაბადებული კ.დ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა ჯგუფმა მიმდინარე წელს, 28 აგვისტოს, დაბა ოქროყანაში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა. მათ ოჯახის წევრებს ძალადობის მუქარით წაართვეს პირადი ნივთები, ფული, ოქროს ძვირადღირებული სამკაულები, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომობილი და მიიმალნენ.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ავჭალაშიც გეგმავდნენ ერთ-ერთი ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმას, რაც პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად ვერ განახორციელეს.