რეზონანსი
20.10.2019

 (რეზონანსი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს და ამერიკის ქართული სამღვდელთმთავროს იუბილეს ულოცავს.

„რეზონანსი" კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

„გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ. თქვენ, ისევე როგორც გაჭირვების ან სხვა მიზეზის გამო საზღვარგარეთ წასული სხვა თანამემამულენი, ჩვენი ტკივილი ხართ და ამასთან იმედიც იმისა, რომ მატერიალური პრობლემების დაძლევის გარდა, შეძლებთ უმთავრესს, ღვთის სიყვარულისა და ქართული სულის შენარჩუნებას.

ტაძრები, საკვირაო სკოლები და შემოქმედებითი ცენტრები, რაც დღეს აშშ-ში საქართველოს ეკლესიის სახელით ფუნქციონირებს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ჩვენ ვმადლობთ აქ მოღვაწე ადამიანებს.

პირველ რიგში მადლობას ვუხდით მეუფე საბას (ინწკირველს), ასევე, სასულიერო პირებს და საერთოდ, ყველას, ვინც კი დღიდან საქართველოს ეკლესიის აქ დაარსებისა, იშრომა და იმუშავა ღვთისა და მოყვასის სამსახუროდ.

მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას და იმ პიროვნებებს, ვინც უსამშობლოდ ყოფნა შეგიმსუბუქათ და თანადგომა გაგიწიათ.

დღეს რთული დროა, გაჭირდა სიმართლის გზაზე სვლა, მაგრამ არ შეუშინდეთ განსაცდელს; მთავარია, სწორი პასუხი გასცეთ გამოწვევებს. თქვენ ხართ სახე ჩვენი ქვეყნისა. ამიტომაც თქვენი კარგი თუ ცუდი ქმედება საქართველოს სახელზე ახდენს გავლენას.

არა აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობაზე ხართ, ან რა მოვალეობა გაკისრიათ; ვისურვებდი, თქვენი ღირსეული ცხოვრებით ყოფილიყავით სამშობლოს წარმომჩენნი და დამფასებელნი.

შევთხოვ ყოვლადწმინდა სამებას, მოგანიჭოთ თავისი მადლი, დალოცოს თქვენი ოჯახები და მშვიდობით და სიხარულით აღგავსოთ.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ჩვენი დიდი დედა იყოს თქვენი მეოხი და შემწე და საქართველოსკენ გზის გამკვლევი, რათა თქვენი ცოდნა და მიღებული გამოცდილება სამშობლოსაც მოახმაროთ", - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×