რეზონანსი
19.10.2019

  თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ქურთი მებრძოლები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

როგორც თურქეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ქურთმა მებრძოლებმა 14 პროვოკაციული თავდასხმა განახორციელეს.

თავის მხრივ, „სირიის დემოკრატიული ძალების" წარმომადგენლებმა 18 ოქტომბერს განაცხადეს, რომ თურქეთის არმიამ საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები განახორციელა რას ელ-აინზე. ამ ქალაქში კი მებრძოლებთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობაც იმყოფება.

თუმცა დასავლური მედია იუწყება, რომ ამ მომენტისთვის, რეგიონში სიმშვიდეა და სროლის ხმა არ ისმის, შესაბამისად შეთანხმება სრულდება.

17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ვიცე-პრეზიდენტი ჩავიდნენ. ამერიკელი მაღალჩინოსნები თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს სირიაში სამხედრო ოპერაციის ხუთი დღით შეჩერებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, სირიის ჩრდილოეთში ცეცხლი ხუთი დღის განმავლობაში შეწყდება. ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა საზღვრიდან 30 კილომეტრში უნდა გადაინაცვლონ. შეთანხმების ვადა 22 ოქტომბერს იწურება.

წყარო: 1tv.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×