(რეზონანსი) „ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება" ყოველდღიურად ერთიერთში ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას". 2008 წელს მიხელ სააკაშვილმა მე, ნინო ბურჯანაძეს - ორგზის პარლამენტის თავმჯდომარეს და პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს სახელმწიფო დაცვა მომიხსნა. მაშინ, რა თქმა უნდა, ხმა არ ამომიღია ამ საკითხზე და არც არავის გამოუხატავს პროტესტი, მათ შორის არც გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ჩემი მეგობარი იყო. მაგრამ ახლა მე არ ვაპირებ გაჩუმებას და მინდა უმწვავესად შევაფასო ხელისუფლების ეს უღირსი ქმედება",- აცხადებს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ მაშინ მიხეილ სააკაშვილმა დაცვის მოხსნით სადამსჯელო ღონისძიება გაატარა მის მიმართ და ახლა იმავეს აკეთებს მოქმედი ხელისუფლება ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიმართ.
„დაცვის მოხსნის გარდა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით გიორგი მარგველაშვილს ასევე უპირებენ პენსიის მოხსნას. ეს არის ნონსენსი, უსინდისო, გაუგონარი და უღირსი ქმედება. ხელისუფლება გიორგი მარგველაშვილის დასჯას და ამავდროულად სახელმწიფო ინსტიტუტების ფეხქვეშ გათელვას განაგრძობს", - აცხადებს „ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.