(რეზონანსი) სიმშვიდე და მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკაზე კონცენტრირებულებმა კეთილდღეობისთვის უფრო მეტი საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.
გახარიას თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრულ ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ეს მეგობრობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და ეფექტური გახდეს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას განიხილეს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ისაუბრეს ტრანსპორტის და ენერგომატარებლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
პრემიერის თქმითვე, სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილეს ასევე რეგიონული საკითხები, მათ შორის ხაზი გაესვა საერთაშორისო პლატფორმებზე ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას.
„შევთანხმდით, რომ ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც სომხეთი მხარს უჭერს, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამისთვის მადლობაც მოვახსენეთ. ის პოზიტიური ცვლილებები, რაც გვაქვს საერთაშორისო პლატფორმებზე ბოლო პერიოდში ერთმანეთის მხარდაჭერის კუთხით, უნდა გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ. დიდი მადლობა ჩემს კოლეგას თბილი მიღებისთვის და გამოვთქვამ რწმენას, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.