რეზონანსი
15.10.2019

 (რეზონანსი) ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში მშობიარე 40 წლის ქალი და ჩვილი გარდაიცვალნენ.

როგორც საავადმყოფოს ადმინისტრაციაში განმარტავენ, სამეანო განყოფილების მორიგე მედპერსონალმა სათანადოდ ვერ შეაფასა მშობიარის რისკები და არ განახორციელა ორსულის დროული რეფერალი, რის გამოც დედა-შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ამ ფაქტთან დაკავშირებით ჰოსპიტლის შიდა მოკვლევის სამსახურმა დაიწყო სამედიცინო შემთხვევის შესწავლა და პირველ ეტაპზე გამოვლენილია ორსულის მართვაში მედპერსონალის მხრიდან გადაცდომა, რაც მდგომარეობს შემდეგში:

ხაშურის ჰოსპიტალს სახელმწიფო ლიცენზიის თანახმად მინიჭებული აქვს პერინატალური მოვლის პირველი დონის შესაბამისი სამეანო საქმიანობის წარმართვის უფლება, რომელიც არ ითვალისწინებს ასეთი რთული მშობიარობის მართვას.

ქალბატონი კლინიკაში მოთავსებისთანავე, ყველა საერთაშორისო პროტოკოლისა და რეფერალის ეროვნული კრიტერიუმების თანახმად ექვემდებარებოდა შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამშობიარო სახლში (პერინატალური მოვლის II ან III დონის კლინიკაში) გადაყვანას.

მიგვაჩნია, რომ ჰოსპიტლის სამეანო განყოფილების მორიგე მედ პერსონალმა სათანადოდ ვერ შეაფასა მშობიარის რისკები და არ განახორციელა ორსულის დროული რეფერალი.

სამწუხაროდ მშობიარობის პროცესი გართულდა და ვერ მოხერხდა დედა-შვილის გადარჩენა. ამ დარღვევის გამო ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენ კლინიკაში პროფესიული საქმიანობა შეუჩეროს იმ სამედიცინო პერსონალს, რომელმაც მშობიარე ქალბატონის რეფერალი არ განახორციელა.

ჰოსპიტალი ასევე ითანამშრომლებს ყველა სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოსთან და დაელოდება შემთხვევის შესახებ საბოლოო დასკვნების გამოქვეყნებას"-ნათქვამია საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×