(რეზონანსი) "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილის გასაჯაროებას არ აპირებს. შესაბამისი განცხადება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რითაც ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის შესაბამის მოწოდებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, კონფიდენციალობის დაცვა მათაც ევალებათ, ისევე როგორც სახელმწიფოს. თუმცა, ახვლედიანი აქვე უარყოფს იმას, რომ წერილში კონკრეტული ხედვები არ იყო გაწერილი.
„წერილი, რაც ჩვენ გავაგზავნეთ ხუთაშაბათს, ეს იყო იურისტების დაწერილი, მის შინაარსს ვერ გავასაჯაროებთ, რადგან არ ვაპირებთ ხელშეკრულების დარღვევას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მასში ზუსტად არის აღწერილი, თუ რა ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ პროექტი წინ წავწიოთ, ამიტომ არ ვეთანხმები დღევანდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ თურმე იქ არაფერი წერია შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით,"- განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს ეწურება.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება მოშალოს.