
იმ გახმაურებულ საქმეებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფომ წააგო და ზიანის ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხების გადახდა დაეკისრა, ერთ-ერთი და მთავარია ე.წ. კორტების საქმე, რომელზეც საქართველოს სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა, თუმცა როგორც "ამბებმა" გაარკვია, ვადის ამოწურვამდე სახელმწიფოს 3 დღე აქვს დარჩენილი და ვაზაგაშვილებისთვის ამ თანხიდან ჯერ არც ერთი თეთრი არ გადაუხდია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 12-წლიანი განხილვის შემდეგ, სარჩელზე "ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 18 ივლისს გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი სამთვიანი ვადა მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს იწურება.
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვაზაგაშვილებმა კომპენსაცია მიიღეს, თუმცა როგორც მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის დედამ, ციალა ვაზაგაშვილმა ამბობს, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"არავის ჩაურიცხავს თანხა, სიმართლე გითხრათ არც კი მახსენდება, რომ უნდა მიგვეღო ეს კომპენსაცია. ღმერთის წინაშე ვამბობ, ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს, არაფერს ცვლის. ზურას ვერავინ გამიცოცხლებს! ადამიანს რომ სიხარულის განცდის უნარს წაართმევენ, ფული იქ რამეს შეცვლის?! არც ისეთი გაჭირვებული ვარ, რომ მიჩერებული ვიყო ამ თანხაზე. თუ მაინცდამაინც გადმომცეს, ზურას სულის მოსახსენიებლად ისევ გაჭირვებულებს დავურიგებ" - განაცხადა შვილმკვდარმა დედამ.