საფრანგეთის საგარეო და თავდაცვის სამინისტროებმა განაცხადეს, რომ საფრანგეთი თურქეთს იარაღს აღარ მიყიდის, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი" ავრცელებს.
როგორც სამინისტროების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თურქეთის სამხედრო ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას და აღნიშნული ნაბიჯით საფრანგეთს სურს, ამ იარაღის სირიაში გამოყენების შესაძლებლობა აღკვეთოს.
„საფრანგეთმა მიიღო გადაწყვეტილება, თურქეთში დაგეგმილი იარაღის ექსპორტი შეაჩეროს, გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის," - აღნიშნულია სამინისტროების განცხადებაში.
მანამდე თურქეთისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ აკრძალვა გერმანიამ მიიღო.„ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფონზე, რომელსაც თურქეთი ახორციელებს, ფედერალური მთავრობა ნებართვას აღარ გასცემს სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე, რომელიც შესაძლოა თურქეთმა სირიაში გამოიყენოს,"- განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა.
აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გამოცება „დოიჩე ველესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ იარაღზე დაწესებული ნებისმიერი ემბარგო თურქეთს მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გერმანიამ თურქეთში 268 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის ექსპორტი განახორციელა.
წყარო: ინტერპრესნიუსი