რეზონანსი
12.10.2019

 (რეზონანსი) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ლეონ გელოვანი, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისკენ მოუწოდებს.

"მსოფლიო საპატრიარქოს შემდეგ, დღეს, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია აღიარა საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც.

დღემდე, შეიძლებოდა თქმულიყო მრავალი ობიექტური თუ არაობიექტური მიზეზი, თუ რატომ უნდა აერჩია დუმილი საქართველოს ეკლესიას ამ საკითხის მიმართ, მაგრამ დღეს, როდესაც კონსტანტინეპოლის გარდა, უკვე სხვა ეკლესიამაც სცნო უკრაინის ავტოკეფალია, ცხადია საკითხი იმ ეკლესიაზეც მიდგა, რომელსაც ეს პრობლემები საკუთარ თავზე აქვს მწარედ გამოცდილი.

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს აუცილებლად მართებს ხმის ამოღება", - განაცხადა მამა ლეონმა.

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის საგანგებო სხდომაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარეს.

კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის ბოძების შემდეგ, საბერძნეთის ეკლესია არის პირველი, რომელმაც ახალ ავტოკეფალიასთან ევქარისტიული კავშირი დაამყარა.

საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა აღიარა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აქვს ეკლესიებისთვის ავტოკეფალიის მინიჭების კანონიკური ძალაუფლება.

უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას სამართლმადიდებლოში განხეთქილება მოჰყვა - მოსკოვის საპატრიარქომ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა.

ამ დრომდე უცნობია, გაწყვეტს თუ არა ევქარისტიულ კავშირს მოსკოვის საპატრიარქო საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთანაც.

წყარო: "ტაბულა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×