(რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანისა და გასაღების ფაქტზე არაერთი პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ გააკეთა.
მისი თქმით, დაკავებულთა შორის არის 28 წლის მამაკაცი, რომელსაც ფეხსაცმლის ქუსლებში დამალული ნახევარი კილოგრამი „ჰეროინი" აღმოუჩინეს.
ჭელიძის ინფორმაციით, აღნიშნული პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის ქვეყანაში „ჰეროინის" შემოტანას ცდილობდა.
შსს-ს ცნობით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასევე დაკავებულია 25 წლის მამაკაცი, რომელსაც ქვეყანაში 23 კილო „მარიხუანა" შემოჰქონდა.
გარდა ამისა, დაკავებულები არიან კიდევ ერთი ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ტოვებდნენ და მათ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით ასაღებდნენ.