(რეზონანსი) ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი არის პროკურორი, მისი პირადი კბილის ექიმი არის ჯანმრთელობის მინისტრი, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ლობირებს თუ არა ხელისუფლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს.
„ლელოს" დამფუძნებელმა ასევე უპასუხა კითხვას იმ გავრცელებული ინფორმაციის შესახებაც, რომ შესაძლოა, „ქართული ოცნების" სავარაუდო სატელიტი პარტიები ფინანსდება ბიძინა ივანიშვილის მიერ და ასევე იგეგმება სხვა პარტიების შექმნაც.
„ბიძინა ივანიშვილის კომენტარებს თუ ნახავთ, მას ორგანულად ეშინია ე.წ. მესამე ძალის გამოჩენის და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. პირდაპირ შემიძლია ვუთხრა, რომ მისთვის ეს შეუძლებელი ამოცანაა, რადგან ქვეყანა მან მიიყვანა ძალიან კრიტიკულ უარყოფით ნიშნულამდე. შესაბამისად, რამდენი სატელიტური პარტიაც არ უნდა შექმნან, საზოგადოება ბრმა არ არის, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ და უნდა მოემზადონ დამარცხებისთვის, პოლიტიკურად ღირსეულად წასვლისთვის", - განაცხადა ხაზარაძემ.