(რეზონანსი) საკრებულოს ბრალდებულ მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ექიმებმა კლინიკის დატოვების რეკომენდაცია არ მისცეს. ამის შესახებ "ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკურმა დირექტორმა გიორგი კორძახიამ განაცხადა.
როგორც კორძახია განმარტავს, ილია ჯიშკარიანი მათ კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმის განმარტებით, საკრებულოს დეპუტატს გულის იშემიური დაავადება აქვს.
„პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა, ჩვენ ახალი მედიკამენტის დამატება დაგვჭირდა და ეს განაპირობებს გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას. კლინიკა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პაციენტ ილია ჯიშკარიანის ავადობაზე დოკუმენტაცია სრულიად არის ნაწარმოები. მისი სრული დიაგნოზი კორონალური სინდრომის გამწვავება არის. მისი გაწერა ორ-სამ დღეშია რეალური. თუმცა, თუ ახალი რეალია შეიქმნება, ჩვენი მიდგომა შეიცვლება. ჩვენი რეკომენდაციაა, პაციენტი ჰოსპიტალიზაციის პირობებში იყოს. ჩვენ ვერ გავცემთ რეკომენდაციას, მან კლინიკა დატოვოს. ალბათ, სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტს, რომ პროცესი ჩვენთან ჩატარდეს", - განაცხადა კორძახიამ.
მისივე განმარტებით, კლინიკამ ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ამის ნება თავად პაციენტმა დართო.
ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.