რეზონანსი
09.10.2019

 იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ქუთაისის დაწესებულებაში მომხდარი სუიციდის საქმეზე თანამშრომელს ბრალი წაუყენა. დეპარტამენტში 2019 წლის 1 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №073011019001 საქმეზე, ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებული გ.წ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„საქმეზე წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს, ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე, ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს ინსპექტორმა ქ-ნმა ნ.-მ სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად. კერძოდ, ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის მიუხედავად, ინსპექტორმა არ განახორციელა სათვალთვალო მონიტორების სათანადო კონტროლი, რის გამოც მას თვალთახედვის არიდან გამორჩა ბრალდებულის მიერ ცხაურზე თავის დაკიდების ფაქტი და ამის შესახებ დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს შეატყობინა 40 წუთის დაგვიანებით. ინსპექტორის ქმედებას შედეგად მოჰყვა ბრალდებული გ.წ.-ს გარდაცვალება" - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმე ეხება 28 სექტემბერს მომხდარ შემზარავ  ფაქტს და მის შემდგომ თვითმკვლელობას. გიორგი წურწუმიამ ძმას ცივი იარაღით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. 30 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 1 ოქტომბერს ბრალდებულმა საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიკიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×