(რეზონანსი) ჩვენმა ხელისუფლებამ 30%-იანი ფასდაკლება ისწავლა. ხაზარაძეს მილიონი მოსთხოვეს და 700 000 გადაახდევინეს, ჩემთან იყო 1000, დამიკლეს და 700 გადამახდევინეს, - ასე გამოეხმაურა „გამარჯვებულო საქართველოს" ერთ -ერთი ლიდერი, გურამ ჩალაგაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც ჩალაგაშვილი სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 700 ლარი დააკისრა.
„პირობას ვდებ, ამ თანხას ვინ გადაიხდის, თქვენ ყველას გაცნობებთ და ამაზე მომავალ კვირაში ვისაუბრებ. ის, რომ სამართალი არ არსებობს ამ ქვეყანაში და არაფერი არ არსებობს, ამაზე ორი აზრი არ არის. ჩემი დღევანდელი საქმე არაფერს არ ნიშნავს მაშინ, როდესაც პოლიტპატიმრები გვყავს დღეს, რომელთაც მხოლოდ და მხოლოდ თქვეს, რომ უყვართ საქართველო. შეუძლებელია, რომ დღეს სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილებას ვინმე მოაზროვნე ადამიანი დაეთანხმოს. დაკავების ოქმი შედგა 4 საათსა და 10 წუთზე, შეტყობინება შევიდა 4 საათსა და 10 წუთზე და მესამე ოქმიც იგივე დროსაა დაწერილი, თან ერთი ადამიანი აწერს ამ ყველაფერს ხელს და მან ათ წამში 3 ოქმი როგორ შეადგინა? ჩვენ საქართველოში გვყავს „ქველმოქმედი" ადამიანი და მას გავუგზავნი ქვითარს და ან ბატონმა ბიძინამ გადაიხადოს ან იმ 20%-მა, რომელიც აღფრთოვანებულია მისით",- განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.
გურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გურამ ჩალაგაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის 700 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.