(რეზონანსი) აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას „ინაუგურაციას" რუსეთის და თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლები დაესწრებიან.
კერძოდ, დელეგაციას სოხუმში ელოდებიან ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან, დონეცკის და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან. ასევე, იქნებიან დნესტრისპირეთის, მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელები.
ღონისძიებისთვის ჩამოვლენ ნიკარაგუადანაც, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებელობა აღიარა. ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი" წერს.
დე ფაქტო ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანგამ განაცხადა, რომ ცერემონიას დაესწრებიან რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი ოლგა ტიმოფეევა, ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი სერგეი ჩებოტარიოვი, ნიკარაგუის ელჩი რუსეთში ალბა ასუსენა ტორესი.
რაულ ხაჯიმბა ფიცს მინისტრთა კაბინეტის სააქტო დარბაზში დადებს. მისი სიტყვით გამოსვლა 15-20 წუთს გასტანს.
დე ფაქტო ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაცია 9 ოქტომბერს სოხუმში გაიმართება. ცერემონიალის გაუქმებას მოითხოვს ოპოზიციური პარტია ამცახარა, რომელიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.