(რეზონანსი) 35 წლის ზურაბ დადეშელის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ ბრალდებულს, გიორგი გეთაშვილს ბრალი დაუმძიმეს. ამის შესახებ გეთაშვილის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„წუხელ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წაუყენეს ბრალი, რის საფუძველზეც მას დაუმძიმდა ის სამართლებრივი მდგომარეობა, რაც აქამდე იყო. იგი იყო დაკავებული სსკ-ის 370-ე მუხლით, რაც ცრუ ჩვენებას ითვალისწინებს. თუმცა, დღევანდელი ფორმულირებით, ბრალდება გვედავება, რომ თითქოსდა, ჩვენ პოლიციელებთან წინასწარი შეთანხმებით, აწ გარდაცვლილი მოტყუებით ჩამოვიყვანეთ და შემდეგ პოლიციელებს გადავეცით, რაც აბსურდია. ისინი გვედავებიან, რომ ადამიანის გატაცებაში დავეხმარეთ პოლიციელებს. მინდა, აღვნიშნო, რამდენიმე გარემოება, რითაც ეს არ შეესაბამება სინამდვილეს.
პირველი- ჩვენ პოლიციელებს არ ვიცნობდით. მეორეც - როდესაც პოლიციელია, შენ გაქვს ვარაუდი, რომ პოლიციელი წარმოადგენს კანონს, სახელმწიფოს და შესაბამისად გაქვს განცდა, რომ თუ რაიმე ფორმით პოლიციასთან თანამშრომლობ, შენ მხოლოდ კანონიერი ინტერესი გაქვს, ანუ, აქ არაკანონიერი ინტერესი არაა. ამიტომ, თუ მართლა გადავეცით პოლიციას, გადავეცით იმიტომ, რომ რეალურად მომხდარიყო დანაშაულის პრევენცია და არა ჩადენა.
ასევე, მნიშვნელოვანი არგუმენტია, რომ გარდაცვლილი იყო დაკავებულის მეგობარი. როგორ უნდა გადაეცა უცხო პოლიციელისთვის მეგობარი იმის გამო, რომ მათ გაეტაცებინათ. ეს წარმოუდგენელია", - აცხადებს ადვოკატი.
35 წლის მამაკაცს ოჯახი 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა. 5 ოქტომბერს, რუსთავში მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ცხედარს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა. საქმეზე 5 ადამიანი დააკავეს, მათგან 3 მოქმედი და ყოფილი პოლიციელები არიან, გარდა ამისა, ძებნაშია კიდევ ერთი ბრალდებული, რომელიც ასევე პოლიციელია.