რეზონანსი
08.10.2019

 (რეზონანსი) რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეში მეექვსე ბრალდებული გამოჩნდა. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, 35 წლის ზურაბ დადეშელის მკვლელობის მთავარი ფიგურანტი ზურაბ ჯღარკავა გახლავთ, რომელიც ამავე საქმეზე, გატაცების ბრალდებით დაკავებული პოლიციელის, დავით მიროტაძის სიძეა (დის ქმარი).

ჯღარკავას განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ოფიციალური ძებნა გამოცხადდა.

ირკვევა, რომ მას და მოკლულ ზურაბ დადეშელს დიდხნიანი დაპირისპირება ჰქონდათ, რაც საბოლოოდ დადეშელის მკვლელობით დასრულდა. გარდაცვლილის ცხედარი 5 ოქტომბერს რუსთავში, მტკვარმა გამორიყა. წინასწარი ინფორმაციით, მას 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.

„პრაიმტაიმის" ცნობით, ჯღარკავამ დადეშელის პოვნაში დახმარება სთხოვა საკუთარ ცოლის ძმას, დავით მიროტაძეს, რომელიც 2009 წლიდან პოლიციის თანამშრომელი გახლავთ.

თავის მხრივ, მიროტაძემ საქმეში ჩართო დიმიტრი დუღაშვილი, რომელიც შსს-ს ორგანოებში 2010 წლიდან მსახურობდა, წელს კი უწყებიდან გაათავისუფლეს და ასევე მოქმედი პოლიციელი მიხეილ ღუბიაური.

გამოძიების ინფორმაციით, მათ დადეშელი თბილისის ტერიტორიაზე გაიტაცეს და ანგარიშსწორების მიზნით ზურაბ ჯღარკავას გადასცეს. ამ უკანასკნელმა კი, თანამზრახველთან - გიორგი ასათიანთან ერთად დადეშელი სასტიკი მეთოდებით მოკლა და ცხედარი მტკვარში გადააგდო.

ასათიანი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციელებს და დადეშელის მეგიობარს, გიორგი გეთაშვილს კი თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედებათ ბრალად. რიოგორც უკვე გითხარით, საქმის მთავარი ფიგურანტი, ზურაბ ჯღარკავა ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×