(რეზონანსი) გთავაზობთ, მაქსიმალურად ღიად ვისაუბროთ, შეზღუდვების გარეშე და მზად ვართ კრიტიკისთვის, კრიტიკისაც არასდროს შეგვშინებია და ახლაც არ შეგვეშინდება, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვედრაზე.
როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, მთავრობა ტურიზმის სექტორში არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს სფეროს წარმომადგენლებთან საუბრის გარეშე.
ასევე, პრემიერის თქმით, მთავრობას კარგად ესმის ტურიზმის სექტორის განვითარებაში თავისი ფუნქციაც.
„უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი ნაბიჯი სექტორში არ იქნება გადადგმული თქვენთან საუბრის გარეშე. ეს იქნება წესი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვიმოქმედებთ. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რა არის მთავრობის ფუნქცია აქ. მთავრობის ფუნქცია არის თქვენთან ერთად იზრუნოს ბაზრების დივერსიფიცირებაზე, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნაზე და დარგში საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შექმნაზე. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა", - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, საბოლოო მიზანი არის ძალიან მარტივი - მეტი ტურისტი ქვეყანაში, მეტი შემოსავალი, მეტი სამუშაო ადგილი და რა თქმა უნდა, ქვეყნის მეტი ცნობადობა.
„მინდა იცოდეთ, ამ მთავრობის, ჩვენი გუნდის კარიც, ტელეფონებიც, ყველაფერი იქნება წვდომადი იმისთვის, რომ სწრაფად, იქ, სადაც შესაძლებელია, სადაც პრობლემები არის ობიექტური, სადაც პრობლემების გადაწყვეტას შევძლებთ სწრაფად, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. გთავაზობთ, რომ მაქსიმალურად ღიად ვისაუბროთ, შეზღუდვების გარეშე და მზად ვართ კრიტიკისთვის. კრიტიკისაც არასდროს შეგვშინებია და ახლაც არ შეგვეშინდება, მით უმეტეს, დარწმუნებული ვართ, რამენაირად პასუხების გაცემას შევძლებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა დღეიდან ბიზნესთან სექტორული შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართა.