რეზონანსი
07.10.2019

 (რეზონანსი) საქართველოზე მეტად ხომ ქვეყანა ვერ მიყვარს, მაგრამ ხანდახან შიგნიდან მჭამს და მახრჩობს რაღაც ხმა - წადი!! მოშორდი!! ან დაჯექი სამუდამოდ შენს ოთახში და იქ აკეთე ეგ შენი საქმე - ასე ეხმაურება, სოციალურ ქსელში, მომღერალი სოფო ბაილაშვილი იმ კონცერტს რომელიც სპორტის სასახლეში აქციების დროს ჰქონდა, ახლა კი მისი ტელევერსია „რუსთავი 2"-ზე იხილა.

მომღერალი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ არხზე აღარ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც ამ კონცერტის ჩატარებაში წვლილი მიუძღვით.

„ეხ!! ჩემი სპორტის სასახლის კონცერტი გავიდა „რუსთავი 2"-ზე ახლახან. კონცერტი მძიმე დროს დაემთხვა. ქვეყანა აყირავდა. ადამიანებს ტყვიები მოხვდათ, ზოგმა თვალი დაკარგა. რეპეტიციებიდან აქციებზე მივდიოდი, აქციებიდან - რეპეტიციებზე. მთელი ქვეყანა დაღლილი ვიყავით, ფიზიკურადაც და ემოციურადაც. არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ კონცერტის გაუქმება მინდოდა. როგორღაც დავთანხმდი იდეას, ძალა მომეკრიბა და მემღერა მაყურებლისთვის, რომელმაც ჩემს კონცერტზე მოსასვლელად ბილეთი იყიდა.

კონცერტის ეთერში გასვლაც რა პერიოდს დაემთხვა, ჩემზე კარგად იცით - ვინც ამ ჩემი კონცერტის კეთებაში ოფლი დაღვარა, მაგათმა უმრავლესობამ „რუსთავი 2" საერთოდ დატოვა და სხვა სოფლის შენება დაიწყო. ეს ჩემი კონცერტი კიდევ დარჩა ასე, თავისთვის, ობლად. გამიგია, სადღაც, შორს, განვითარებულ ქვეყნებში, მუსიკოსები შეიყრებიან ხოლმე და ვიდრე ეთერში გავა მაგათი ნამოქმედარი, პირველად თავად უყურებენ და თავიანთი შეხედულების მიხედვით მიჭრი-მოჭრიან, არამამაპაპურად რომ გითხრათ, აედითებენ ხოლმე. მე კიდევ, ინსტრაგრამიდან გავიგე, შენი კონცერტი უნდა გავიდეს ეთერშიო. (ჩემმა პატარა მსმენელმა მომწერა, რეკლამა უნახავს).

საქართველოზე მეტად ხომ ქვეყანა ვერ მიყვარს, მაგრამ ხანდახან შიგნიდან მჭამს და მახრჩობს რაღაც ხმა - წადი!! მოშორდი!! ან დაჯექი სამუდამოდ შენს ოთახში და იქ აკეთე ეგ შენი საქმე, მთელი გულით, გულწრფელად და როგორც გაგიხარდება ისე, რადგან აქ ვერ გამოდის ვერც ის "სცენა", რაც წარმოდგენებში გაქვს და ვერც " პრე-პოსტ სცენა", რაც მუხლჩაუხრელ შრომას და პატივისცემას გულისხმობს ყველაფრის მიმართ, ყველას მხრიდან", - წერს სოფო ბათილაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×