რეზონანსი
07.10.2019

 (რეზონანსი) გაუშვებენ, არ გაუშვებენ, წავა, არ წავა, დაატოვებინებენ მანდატს თუ არა, ამის მიუხედავად, ეს ადამიანი არის მოსიარულე ნაღმი, რომელზეც პერიოდულად „ქართული ოცნება" ფეთქდება, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვოს.

„ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანი პარლამენტის წევრია. პარლამენტში არასდროს არავის უკადრებია ისეთი რამ და არ გადაუბიჯებია ისეთი წითელი ხაზებისთვის, რაც ადამიანმა აკადრა როგორც ინსტიტუციას, ქალს.

ყველაფერი, რაც ბოლო პერიოდში ისმოდა, ვერანაირ ჩარჩოში ვერ ეტევა. ამიტომ, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართულმა ოცნებამ" იდარდოს ამ ნაღმებზე რამდენჯერ აფეთქდება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, „სჭირდება თუ არა შავი საქმეების შემსრულებლად მმართველ გუნდს ზარდიაშვილი, არჩევანი თავად უნდა გააკეთონ".

„ასეთი ადამიანები არიან „ქართული ოცნების" საყრდენები, ივანიშვილის სახე რომ ხდება ასეთი ადამიანი, ეს მისი პერსონალური პრობლემა ხდება. მე კი არ მომაყენა შეურაცხყოფა იმ საშინელი სიტყვებით, რომელსაც ის საჯაროდ ამბობდა, მან შეურაცხყოფა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს მიაყენა, რომელსაც უთხრა, რომ ასეთი ადამიანი გედგა შვიდი წელი გვერდით და მას ენდობოდი. ან ერთმანეთის მსგავსები ხდებიან, ან ემიჯნებიან, სხვა მოცემულობა არ არის. ან ემიჯნები ასეთ საშინელებას, ან ამბობ, რომ მეც ასეთი ვარ. ეს მათ უნდა აირჩიონ",- აცხადებს ბესელია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×