ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე, რომლის ცხედარიც მტკვარმა გამორიყა, 4 პირია დაკავებული, მათ შორის 2 პოლიციელი. ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი გეთაშვილის ინტერესებს თავად იცავს. იგი მოკლულის მეგობარია და გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.
ადვოკატის თქმით, მოკლული დავით მუმლაძე და გიორგი გეთაშვილი მეგობრები იყვნენ, ხოლო ბოლოს გეთაშვილმა მუმლაძე 1-ელ ოქტომბერს ნახა.
„მანქანით იყვნენ ერთად, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციამ გააჩერა. მანქანიდან გადმოიყვანეს მუმლაძე, დაადეს ხელბორკილი, ჩაისვეს პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს, გეთაშვილს კიდევ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და გათიშეს. როცა მუმლაძე დაიკარგა და ოჯახმა პოლიციას მიმართა, დაკითხეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელთანაც ფიქსირდებოდა მუმლაძის მიერ განხორციელებული ბოლო სატელეფონო ზარი. მაშინ გეთაშვილს შეეშინდა და არ უხსენებია ის, რაც პოლიციასთან დაკავშირებით მოხდა. გამოძიება სწორედ ამის გამო ედავება ცრუ ჩვენების მიცემას“, - განაცხადა კობაიძემ.
36 წლის დავით მუმლაძეს ოჯახი 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა. 5 ოქტომბერს, რუსთავში მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, ცხედარს სხეულზე 30-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.