(რეზონანსი)მსახიობი ეკა ჩხეიძე მისი პირადი უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ მსახიობმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი რამდენიმე დღის წინ სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობი მიიჩნევს, რომ მას საფრთხე ემუქრება. როგორც ჩხეიძე ამბობს, სამაჯური, რომელიც შესაძლოა, ბრალდებულს დაუმაგრონ, არ არსებობს.
„დასაჭერად მეცოდება ადამიანი და გამოსავალი მინდა, რომ თავი დაცულად ვიგრძნო, მეტი არაფერი. ადვოკატს მივმართე, რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა მოვიქცე, რომ უფრო მეტად დაცული ვიყო. მან ყველაზე კარგ გამოსავლად ელექტრონული სამაჯურის დამაგრება მიიჩნია. თუმცა, ახლა ვიგებ, რომ სამაჯური არ არსებობს, პრაქტიკაში არ არის გამოყენებაშიო.
ეს ადამიანი ფაქტია, რომ არაადეკვატურია, რამდენიმე წელია ასე გრძელდება, აქამდე თუ ვერ დამთავრდა და ვერ გაიგო, რომ ჩემგან არაფრის იმედი უნდა ჰქონდეს, მაშინ რაღაც ხერხს უნდა მივმართოთ, რომ დაცული ვიყო, ხომ?
მითხრეს, რომ შემაკავებელ ორდერს უნდა მოვაწერო ხელი. ეს ადამიანი რომ დალევს, სულ დაავიწყდება ეს შემაკავებელი ორდერი. წესიერად არ ვიცნობ და ხვალ რას იზამს, ვერ გეტყვით. უბრალოდ, ვიკითხე, არსებობს, თუ არა, ასეთი რამ, რომ უფრო დაცული ვიყო-მეთქი. ეს ადამიანი ჩემთან რომ მოვიდეს, რა ვქნა, ვიკითხე და დაგვირეკეო, მითხრეს. სანამ დავრეკავ და პოლიცია მოვა, ხომ არ დაიცდის? არც ვიცი როგორ ხდება, პირველად მაქვს შეხება მსგავს რამესთან", - განაცხადა ეკა ჩხეიძემ.