რეზონანსი
04.10.2019

 (რეზონანსი) საქართველოში ფრენების აკრძალვის გამო რუსული ავიაკომპანიების ზარალმა 1 მილიარდ რუბლს (15,3 მილიონ დოლარს) გადააჭარბა. როგორც რუსულ გამოცემა Коммерсант-ს ავიაკომპანია Победа-ში განუცხადეს, კომპანიის ზარალი 500 მილიონ რუბლს აღწევს.

ავიაკომპანია S7-ში ზარალს 600 მილიონ რუბლად, Red Wings-ში კი 200 მილიონ რუბლად აფასებენ. ამასთან, გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ დაპირების მიუხედავად ტრანსპორტის სამინისტრო ამ ზარალს არ აანაზღაურებს.

Коммерсант-ის მტკიცებით, ავიაკომპანია Победа-მ სამინისტროს კომპენსაციის გადახდის თარიღთან დაკავშირებით წერილობითი მიმართვა გაუგზავნა, რაზეც უწყებაში განაცხადეს, რომ „ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს".

მიმდინარე წლის 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. ვლადიმერ პუტინმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა.

მთავრობის ინფორმაციით, საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა იყო საუბრის ერთ-ერთი თემა დავით ზალკალიანის და სეგრეი ლავროვის შეხვედრაზე ნიუ-იორკში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×