კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ბოლო სამი წელია დაავადებული ბავშვების რიცხვი იზრდება, ყველაზე მეტი შემთხვევა კი თელავში ფიქსირდება.
„დაავადებულთაგან უმრავლესობა ბავშვია. ამ ინფექციით ოთხი თვის ახალშობილის ავადმყოფობის შემთხვევაც გამოვლინდა. გასულ წელს ცხრა დაავადებულიდან ცხრავე თელავის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო. თელავში არის ამ დაავადების კერა, ამიტომ ჩვენ გამუდმებით ვმუშაობთ, საფრთხის შესამცირებლად“, - განაცხადა ხიზანიშვილმა.
45-წლიანი სამედიცინო სტაჟის პედიატრი, ნათელა ათამოვა ადასტურებს, რომ ლეიშმანიოზის სიმპტომებით ბავშვთა საავადმყოფოში მიმართვიანობა საგრძნობლად მომატებულია.
„ამდენი წელია პედიატრი ვარ და ასე ხშირი ეს დაავადება არ ყოფილა. ახლა ბევრი ბავშვი მოჰყავთ, რომლებზეც ეჭვი გვიჩნდება და შემდეგ კვლევა ლეიშმანიოზს ადასტურებს. ცოტა ხნის წინაც მქონდა შემთხვევა, შვიდი თვის ბავშვს გამოუვლინდა. საჭიროა სანიტარული ნორმების უკეთესად დაცვა. განსაკუთრებით, ქუჩის ცხოველების გარიდება, რომ ბავშვები უსაფრთხოდ იყვნენ“, - განმარტა ათამოვამ.
მშობლები ამბობენ, რომ ავადმყოფის მკურნალობა და რეაბილიტაცია ოჯახებს ძვირი უჯდებათ.
პრაიმტაიმი