რეზონანსი
03.10.2019

 (რეზონანსი)ე.წ. შმაქსი დაჯარიმებას ექვემდებარება, - ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საქმე ეხება პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის" ინიციატივას, რომლებიც ტაქსის რეფორმის წინააღმდეგ გამოვიდნენ და „შმაქსი" წარადგინეს, რომელსაც მათი ინფორმაციით, საგანმანათლებლო ფუნქცია ექნება.

როგორც ხმალაძემ განაცხადა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ სამართლებრივი ხარვეზი ან ნაკლი უპოვა კანონმდებლობას და რაიმე ფორმით შეძლებს „ტაქსაობას", ძალიან ცდებიან და მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავთ.

„ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ ერთობა და თან კარგად ერთობა. ჯერ იყო და რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნეს, ახლა საგანმანათლებლო ორგანიზაცია დააფუძნეს. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ადამიანები შეჰყავთ შეცდომაში. მე მინდა მოვუწოდო ყველა იმ პირს, ვინც ტაქსის მომსახურებას ეწევა, ეს იქნება შეცდომა, იმიტომ, რომ მოქმედება, რომელსაც ისინი უწევენ პროპაგანდას, არის სამართალდარღვევა და ამას მოყვება ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება.

ვერ აუვლიან გვერდს რეგულაციას, ამაზე მერიას თავისი სამართლებრივი პოზიციაც აქვს და ეს პოზიცია ასახულია კანონმდებლობაში," - აღნიშნა ხმალაძემ.

ვიცე-მერი მოუწოდებს მოქალაქეებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ აყვნენ ამ პროპაგანდას.

„კანონმდებლობის მიხედვით, M1 კატეგორიით ანუ მსუბუქი მანქანით მგზავრის გადაყვანა, ერთი წერტილიდან მეორე წერტილზე საჭიროებს ნებართვას. აქ ინტერპრეტაცია იმის, რომ ხდება საგანმანათლებლო საქმიანობის გაწევა თუ რაღაცის ახსნა თუ მოყოლა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. როცა იყენებ მანიშნებელს, მაიდერნტიფიცირებელს, რომ მგზავრმა დაგიქნიოს ხელი, ჩაჯდეს და ერთი პუნქტიდან მეორეში გადაიყვანო, ამას კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ ახორციელებ მგზავრის გადაყვანას და საჭიროებს ნებართვას", - განაცხადა ხმალაძემ.

კომპანია "შმაქსი" იურიდიულად უკვე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. მისი დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძეა. კომპანიის წესდების მიხედვით, მისი ფუნქცია საღი აზრისა და საგანმანათლებლო იდეების გავრცელებაა. პროექტი ზურაბ ჯაფარიძემ დღეს წარადგინა. პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის" განმარტებით, ტაქსის მძღოლებს, რომლებიც რეგულაციების გამო ვეღარ მუშაობენ, „შმაქსაობას" სთავაზობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×