(რეზონანსი)უახლოესს მომავალში პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს და 2020 წელს არჩევნები ქვეყანაში პროპორციული წესით ჩატარდება. ცვლილებებთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში დასკვნითი სხდომა გაიმართა.
მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებას ეხმიანება „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ამბობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატების მანდატების რაოდენობა 150-დან 100-მდე უნდა შემცირდეს.
„სამოქალაქო მოძრაობა" მიმართვას საქართველოში არსებულ ყველა საპარლამენტო თუ არა საპარლამენტო პარტიას, პოლიტიკურ ჯგუფს და მოძრაობას - შევამციროთ ქვეყნის პარლამენტი 50 დეპუტატით. ყველა საჯაროდ აცხადებს და ამბობს, რომ აუცილებელია ქამრების შემოჭერა, დიდია სამთავრობო და საპარლამენტო ხარჯები. დეპუტატების შემცირების ინიციატივა, სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. გვეყოლება უფრო ნაკლები „მდუმარე" და ყველასთვის უცნობი დეპუტატი.
50 მანდატით პარლამენტის შემცირება არანაირად არ დააზარალებს კანონშემოქმედების პროცესს. პირიქით, მას უფრო ხარისხიანს გახდის. ყველა ევროპულ ქვეყანაში ერთი მანდატის ელექტორალური „ფასი" 20 ათასიდან 70 ათასის ხმის ფარგლებში მერყეობს. პროპორციულ სისტემაზე გადასვლით და 150 დეპუტატის პირობებში, ერთი მანდატის მისაღებად ხმების რაოდენობა მცირდება, მანდატს უნდა გააჩნდეს ლეგიტიმაცია. პროპორციული სისტემის შემთხვევაში, ერთი მანდატის მოსაპოვებლად 14 ათასი ხმა იქნება საჭირო. ჩვენი შემოთავაზებით კი, ერთი მანდატის საარჩევნო „წონა" გაიზრდება.
სახელმწიფოს პარლამენტარების შენახვა ყოველწლიურად 55 მილიონი ლარი უჯდება. თუ მათი რაოდენობა 100- მდე შემცირდება, ქვეყანა 15 მილიონ ლარს დაზოგავს. თანხა, რომლებსაც მოქალაქეები იხდიან, მათვე უნდა ხმარდებოდეს და არ უნდა იხარჯებოდეს პარლამენტის წევრების უმიზნო მოგზაურობებში, კომფორტში ან საწვავში. ვფიქრობთ, რომ ყველას ინტერესში უნდა იყოს ისეთი პარლამენტი, რომელიც ამომრჩევლებს უფრო იაფი დაუჯდებათ და ამასთანავე იქნება უფრო ეფექტური და ხარისხიანი. მოვუწოდებთ ყველას, შემოუერთდნენ ქვეყნისთვის ამ აუცილებელ ცვლილებას და დეპუტატების რაოდენობა 150-დან 100-მდე შევამციროთ",- ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.