თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსით მგზავრობაზე ფასების ზრდა პირველი დღის ეფექტი იყო, "დღეს ეს ყველაფერი უკვე დარეგულირებადია", - განაცხადა თბილისის მერმა ჟურნალისტებთან.
კახა კალაძის თქმით, 1 ოქტომბერს ტაქსის მძღოლებისთვის გამოწერილი ჯარიმების შესახებ მერიას პარლამენტთან ჰქონდა კომუნიკაცია და ერთჯერადად ეს ჯარიმები ამნისტირებული იქნება. ამასთან მერის შეფასებით დედაქალაქში "ტაქსების რეფორმა" შედგა:
"ეს არ არის რეფორმის დასასრული, ეს არის რეფორმის დასაწყისი. რასაც დავპირდით მოსახლეობას, ტრანსპორტის მიმართულებით, აუცილებლად გავაკეთებთ", - თქვა კალაძემ.
პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თხოვნით მიმართეს, რომ ტაქსის მძღოლებისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით ბრძანებულება გამოსცეს. ამის შესახებ ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
2 ოქტომბერს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ 1 ოქტომბერს თბილისში ტაქსის მძღოლებისთვის გამოწერილი ჯარიმები გაუქმდება.
პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ამოქმედდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, ტაქსი თეთრი ფერის, 4-კარიანი, მარცხენა საჭიანი ავტომობილი უნდა იყოს.
წყარო: იმედი