(რეზონანსი)ე.წ. ციანიდის საქმეზე მსაჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან მიცემულ ინტერვიუში მამალაძე საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხელ-ფეხს კვლავ ვერ ამოძრავებს. ექსკლუზიური ინტერვიუ მამალაძემ „პლატირანიუს" მისცა.
„მარჯვენა ხელს და ფეხს ვერ ვგრძნობ. სულ წოლა მიწევს. ეტლს, სამწუხაროდ, ვერ ვიყენებ. პერსონალი კარგი ხალხია, უბრალოდ, თავადაც შეზღუდვები აქვთ. ზოგადად არ არის კარგი პირობები, ჩემნაირი ავადმყოფი აქ არ უნდა იწვეს, მაგრამ ამას ეს პერსონალი ვერ მოაგვარებს, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ასეთ დაწესებულებებს", - აცხადებს მამალაძე.
გიორგი მამალაძის ოჯახი და ადვოკატები ირწმუნებიან, პატიმრობაში მყოფი დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.
„პრაიმტაიმმა" სცადა ამ საკითხზე უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება.
ინფორმაციას სრულად ეწინააღმდეგება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულების შესაბამისი მიმართვის საფუძველზე „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა" ჩაატარა.
„...ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ გამოსაკვლევი პირის ამჟამინდელი ქცევა ატარებს დაყენებით (სიმულაციურ) ხასიათს, რასაც მოწმობს: კლინიკური საუბრის განმავლობაში დაძაბულობა; მეტისმეტი მომაბეზრებელი აქტიურობა „ავადმყოფური სიმპტომების" წარმოჩენისას, მათი განვითარების უუნარობა, ავადმყოფობის მთლიანი სურათის არ არსებობა, ავადმყოფობის განვითარების დინამიკის არ არსებობა, მოცემული ავადმყოფობის სურათის შეუთავსებლობა ანამნეზთან", - წერია ექსპერტიზის დასკვნაში.