რეზონანსი
02.10.2019

 

ამ დროისთვის, თბილისში, ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურებში ცეცხლის ღია კერა აღარ შეინიშნება. ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ადგილზე მონიტორინგის მიზნით რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ნახანძრალ ტერიტორიაზე ცალკეულ მონაკვეთებს დაამუშავებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შემოვიდა შეტყობინება, ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული ძლიერი დაკვამლიანების და ღია ცეცხლის შესახებ.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, რომლებმაც ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის გამოყენებით, დაიწყეს ცეცხლის ქრობა.

ცეცხლი გავრცელებული იყო შერეულ სასაწყობო ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობზე. ადგილზე მუშაობდა 80-მდე მეხანძრე-მაშველი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, ჩატარდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×