ელდარ შენგელაიას, ისევე როგორც ბევრი რეჟისორის, შემოქმედება გია ყანჩელის მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია. მეგობრების შეუდარებელმა ტანდემმა ოთხი ფილმი უკვდავი გახადა. მეგობრის დაკარგვამ ელდარი დაამწუხრა. „პრაიმტაიმთან“ 86 წლის რეჟისორმა გიასთან ბოლო შეხვედრა გაიხსენა.
"ძალიან დამწუხრებული ვარ. ერთი კვირის წინ რეანიმაციაში ვინახულე. დიდი ხანია იქ იწვა. უკვე ლაპარაკის თავი აღარ ჰქონდა, თუმცა ჩვენს სტილში რაღაც მაინც გავიხუმრეთ. არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდა. ელდარ, ელდარო, მითხრა და ხელზე მოვეფერე... ეს იყო და ეს.
მე და გიას უამრავი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან. ახალგაზრდობიან დღემდე მეგობრები ვიყავით. „არაჩვეულებრივ გამოფენაზე“ მუშაობის დროს ახალგაზრდები შევხვდით ერთმანეთს. მერე იყო „შერეკილები“, სადაც გიამ ჯანსუღ კახიძესთან ერთად იმუშავა. არც ერთი კომპოზიტორი სხვას არ მიიყვანდა ფილმზე მუშაობისას.
მერე ორივემ ერთად „სამანიშვილის დედინაცვალზე“ იმუშავეს. მეოთხე იყო „ცისფერი მთები“, რომელმაც ასეთი აღიარება ჰპოვა. გიას მუსიკის გარეშე ფილმებს ბევრი რამ დააკლდებოდა. მთელ კულტურულ მსოფლიოს უდიდესი კომპოზიტორი დააკლდა", - აღნიშნა ელდარ შენგელაიამ.