
23 წლის არმინე არუთინიანი გრაფიკული დიზაინერია. მან „გუჩის“ ჩვენებაში მონაწილეობა სრულიად შემთხვევით მიიღო. ის ერევანში ცხოვრობს და სახვით ხელოვნებას სწავლობს.
"მე ხელოვანების ოჯახში გავიზარდე, ბავშვობიდან ვიყავი გარშემორტყმული მხატვრებით და ჩემთვის შემოქმედებითი ატმოსფერო უცხო არ არის. ბაბუაჩემი, ხაჩატურ აზიზიანი და ბებიაჩემი, სვეტლანა სარგისიანი, ორივე მხატვარი იყო და ასწავლიდნენ კიდეც ხატვას.მეც სახვით ხელოვნებას ვსწავლობ, მოდითაც იქ დავინტერესდი. ბევრი ფოტოგრაფი და დიზაინერი მეგობარი მყავს, მოდელის როლიც შემისრულებია.
მეგობრებთან ერთად ბერლინში ვიყავი, კორეული ბენდის კონცერტს დავესწარით და მეორე დღეს, საკმაოდ დაღლილები და გამოუძინებლები ქუჩაში ვსეირნობდით. ერთი გოგო მოვიდა ჩემთან, რომელმაც მკითხა, თუ შეიძლება ფოტო გადაგიღოთო. იმდენად მოულოდნელი იყო, ვკითხე რაში ჭირდებოდა ჩემი ფოტო. მოდის სკაუტი აღმოჩნდა, ახალ,განსხვავებულ სახეებს ეძებდა და ჩემმა გარეგნობამ დააინტერესა. დავთანხმდი, გადამიღო ფოტოები, გავცვალეთ კონტაქტები და მერე, როცა უკვე ერევანში ვიყავი, მომწერა, რომ “გუჩი” ჩემთან თანამშრომლობით დაინტერესდა და კასტინგში მონაწილეობის მიღება შემომთავაზა.
ყველა ეპოქას თავისი ლამაზები ჰყავს. ვფიქრობ რომ დღეს სილამაზის სტანდარტები ბევრად ველური და მკაცრია, ვიდრე ოდესმე. ყველა გოგონას ალბათ ერთხელ მაინც უფიქრია მიემართა პლასტიკური ქირურგიისთვის და შეეცვალა რაიმე საკუთარ გარეგნობაში. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ მომწონს როგორიც ვარ, მიყვარს ჩემი თავი და პლასტიკური ქირურგიისთვის რომ მიმემართა, ჩემი თავისადმი პატივისცემას დავკარგავდი", - განუცხადა რადიო "თავისუფლებას" არმინე არუთინიანი.