შესაძლოა, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სკანდალში ბათუმის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი ფიგურირებდეს. დაკავებული დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე, რომელიც მე-9 დღეა პარლამენტთან გაშლილ კარავში საპროტესტო აქციას მართავს, აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ ერთ-ერთი შეწყალებულის, დევაძის შეწყალების შუამდგომლობა ბათუმელმა სასულიერო პირებმა დააყენეს, რასაც თორნიკე მამალაძის აზრით, მეუფე დიმიტრის გარეშე ვერ გააკეთებდნენ:
„მაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში ბრალდებულის, დევაძის შეწყალების საქმეში ბათუმელი სასულიერო პირები არიან ჩართული, ანუ მათ გაუწიეს შუამდგომლობა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ეკლესია ჩაფლულია კორუფციაში და არ აინტერესებს უდანაშაულო მღვდელი, ეკლესიას ვინც გადაუხდის, იმას დაუწერს შუამდგომლობას. დევაძის ადვოკატმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არაერთი სასულიერო პირია შუამდგომელი ამ შეწყალებასთან დაკავშირებით. დევაძე ბათუმელია და მიანიშნა ადვოკატმა, რომ ბათუმელი სასულიერო პირები არიან ჩართული. ჩემი აზრით, თუ კი ასეა, რა თქმა უნდა, მეუფე დიმიტრის გარეშე არ მოხდებოდა, რადგან მღვდელი თავდაპირველად მივიდოდა მეუფე დიმიტრისთან, ჩააყენებდა საქმის კურსში და ის მისცემდა ლუცვა-კურთხევას“, - განუცხადა "ჰოთნიუსს" მამალაძემ.
(ჰოთნიუსი)