(რეზონანსი)პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას, ეკა ბესელიამ, განვლილ შვიდ წელზე და არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა:
"7 წლის თავზე, ყველაზე მეტი შეურაცხყოფა მივაყენეთ და ყველაზე მეტად ვატკინეთ გული, იმ ადამიანებს, ვინც ეს პირველი ოქტომბერი მოიტანა და ვის მხრებზეც გადაიარა - განსაკუთრებით იმათ, ვინც არ იმსახურებდა, 7 წლის თავზე, იმის თქმას რომ ვინც მათ ჩაგრავდა და უსამართლოდ ექცეოდა, ისინი გაკეთილშობილდნენ, გასხივოსდნენ და უვადოდ უნდა აღზევდნენ.
იმ ადამიანების სახელით, ვინც ხალხს პირდებოდა, რომ სამართლიანობა აღდგებოდა, პირადად მინდა პატიება ვთხოვო და ვუთხრა, რომ ეს არის იდეა - რომლისთვისაც ჩვენ არ გვიღალატია.
ვინც ზურგი შეაქცია და არჩია დროის, გარემოების, კომფორტის თუ სხვა რაღაცის გამო ეღალატა ამ მთავარი იდეისთვის, მათ, ალბათ საზოგადოება მომავალი წლის არჩევნებით გასცემს პასუხს, მაგრამ ახლა, როდესაც 7 წლის თავზე, ყველაზე კრიტიკული, მნიშვნელოვანი, რთული და საპასუხისმგებლო პროცესი მიმდინარეობს პარლამენტში. როდესაც ამ 7 წლიანი რეფორმის შედეგებს ვხედავთ - იმ მოსამართლეების სახით, რომლებიც ყველაზე მეტად გამოხატავდნენ უსამართლობის დროს თავიანთ უპრინციპო დამოკიდებულებას - ბოდიშს კი არ იხდიან, კი არ ნანობენ რამეს, რომ რაღაცა ისეთი გააკეთეს, რამაც ხელი შეუწყო იმ ძალადობრივი რეჟიმის ჩამოყალიბებას, არამედ ამბობენ რომ ყველაფერი კარგად იყო, უბრალოდ ახლა კიდევ უფრო კარგად უნდა იყოს.
7 წლის თავზე, ჩვენ მივიღეთ შემდეგი: უფრო მეტი ადამიანი, სამართლის მოლოდინში, ვიდრე გვყავდა 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე. იმ ადამიანებს დაემატათ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი. დღეს გვყავს განაწყენებული მხარდამჭერები, განაწყენებული საერთაშორისო პარტნიორები, ის კარგი დინამიკაც, რაც გვქონდა ადამიანის უფლებების კუთხით პირველ წლებში, რითიც მართლაც გვეამაყებოდა, არის დარტყმის და საფრთხის ქვეშ. მე მგონია, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ეს ერთ-ერთი ბოლო შანსია 2020-ის წინ."
შეგახსენებთ, დღეს, პირველ ოქტომბერს, ზუსტად 7 წელი მიიწურა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან"