რეზონანსი
01.10.2019

 თბილისში სისხლიანი დაპირისპირების თვითმხილველები ყვებიან, რომ ყიფშიძის ქუჩის N2-ში სამშენებლო ობიექტზე შესულ დაპირისპირებულ ხუთ  მამაკაცს შორის ერთი ქალბატონი იყო, რომელიც ერთ-ერთი დაჭრილის მეუღლეა.

თვითმხილველის თქმით, ის მოსაკლავად გამეტებულ ქმარს გადაეფარა. მიიღო თუ არა დაზიანება უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ ქალს სისხლიანი სახე ჰქონდა.

„მშენებლობაზე ვმუშაობ. დაპირისპირებულები აქ მაცხოვრებლები არ არიან, მშენებლობაზე იმის გამო შემოვიდნენ, რომ მათი ჩხუბი ადგილობრივებს არ დაენახათ, თუმცა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, ჩანაწერები პოლიციამ უკვე წაიღო.

 სულ 6 ადამიანი იყო, მათგან ერთი ქალბატონი იყო, ერთ-ერთის მეუღლე. სამი მამაკაცი ორს დაუპირისპირდა. პოლიციამ მოუსწრო, თორემ ერთმანეთს დახოცავდნენ. ერთი ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი, მერეო მუცელში ცივი იარაღით. ნახევარი საათი მიდიოდა გარჩევა, ვალზე ჩხუბობდნენ.  

სასწრაფო დახმარების ბრიგადა გვიან მოვიდა, ვაკეში აგვიანებენ და სოფლებში რა დღეში იქნებიან ხალხი, უკვე წარმომიდგენია. დაჭრილს ცოლი გადაეფარა, სულ სისხლიანი იყო, ცდილობდა მათ გაშველებას, მაგრამ გავეშებულ მამაკაცებს ვერ ამშვიდებდა. ის კი არა, პოლიციასაც არ ემორჩილებოდნენ, მათი თანდასწრებითაც ჩხუბს აგრძელებდნენ“, - ამბობს თვითმხილველი.

„პრაიმტაიმს“ შემთხვევის ადგილთან მდებარე კაფეში  განუცხადეს, რომ ერთ-ერთი მამაკაცი მათი ხშირი კლიენტია.

„კაფის გარეთ, გამვლელები სკამებზე ხშირად სხდებიან ხოლმე. ბევრი კლიენტი გვყავდა და ყურადღება არ მიგვიქცევია. გვითხრეს, რომ გარეთ ისხდნენ. 16 საათი იყო. ერთ-ერთი ჩვენი კლიენტია, გუშინაც და გუშინწინაც ჩვენთან იყო. დღეს, ალბათ, სასაუბროდ დაპირისპირებული მხარე აქ დაიბარეს, მაგრამ ასეთი შემზარავი რამ მოხდა“ - აცხადებენ კაფეში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×