(რეზონანსი) 1 ოქტომბრიდან ქართულ სატელევიზიო ბაზარზე ახალი ტელეკომპანია "ფორმულა" გამოჩნდება და მაუწყებლობას დაიწყებს. როგორც "2020NEWS" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა განუცხადა, ახალი არხი „რუსთავი 2"-ს ძველი შენობიდან დაიწყებს მაუწყებლობას და ეთერში ტელეკომპანიის ყოფილ ჟურნალისტებთან ერთად, ახალი სახეებით გამოჩნდებიან.
"არხი მაუწყებლობას ხვალიდან დაიწყებს, ხოლო საინფორმაციო გამოშვებით ეთერში 5 ოქტომბრიდან შევალთ. არხზე იქნებიან როგორც „რუსთავი 2"-ს ძველი ჟურნალისტები ისე, ახალი სახეები. საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს ელისო ჯარიაშვილი ხოლო იმ ჟურნალისტებს შორის ვინც ახალი არხის პოლიტიკას განსაზღვრავენ იქნება: დავით ქაშიაშვილი, სოფო ზურაბიანი, ქეთი ხიდეშელი და ა.შ. გვექნება ყოველდღიური პოლიტიკური თოქ-შოუ, ხოლო ორშაბათიდან ანუ 7 ოქტომბრიდან ეთერში გავა დილის გადაცემა „დილა მშვიდობისა" , რომელსაც ეკა სამხარაძე გაუძღვება. ჩვენთან იმუშავებენ ნიკა ტაბატაძე და დიმა ობოლაძე. ნიკა ტაბატაძე სპორტული კორესპოდენტია, ხოლო დიმა ობოლაძე გრაფიკოსი", - განუცხადა "2020NEWS" ლაფერაშვილმა.
არხზე 25 ოქტომბრიდან გამოჩნდება ყველასათვის საყვარელი სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები", რომელიც ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას გავა ეთერში.