რეზონანსი
30.09.2019

 (რეზონანსი) საქართველოს ექს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო, ნინო ლაპიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭო და პარტია დატოვა.

„თავიდან ბოლომდე ვემიჯნები მიშა სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას გიგა ბოკერიაზე. მისი წარმოჩინება, როგორც ქართული ტრადიციების წინააღმდეგისა, არასწორია კონცეპტუალურად და ამასთან, არის ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომაც.

ანუ, რა გამოდის?! 2000-იანი წლების დასაწყისში დავბრუნდეთ და ვიძახოთ „ბოკერია იეღოველი" , რადგან ბოკერია რელიგიური უმცირესობების ჩაგვრას და მათზე ძალადობას მკაფიოდ და არაორაზროვნად აპროტესტებდა, თუ როგორ არის ჩვენი საქმე?!

ბოკერიას კრიტიკა სხვა ნიადაგზე არგუმენტირებულად შეიძლება, თუ მაინც და მაინც ეს საკითხი პრიორიტეტულად ხვდება ლიდერი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის/დამფუძნებლის დღის წესრიგში.

დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია მოიგებს 2020 წლის არჩევნებს და იქ ენმ იქნება წამყვანი ძალა, მაგრამ თუ გუშინ გაჟღერებული იდეოლოგიით უნდა მოხდეს ქვეყნის მართვა, მაშინ ისიც ზუსტად ვიცი, რომ უარესი შედეგებით და მმართველი ძალისთვის უფრო მწვავედ დასრულდება, ვიდრე ეს 2012-ში მოხდა.

წლების განმავლობაში ყველანაირი შეურაცხყოფა ავისხლიტე ჩემი მიშა სააკაშვილის მხარდაჭერისა და მოგვიანებით, ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრობის გამო, მაგრამ იდეის მჯეროდა და საერთოდ არ მანაღვლებდა. ახლა, ამ სიტუაციაში სად არის იდეა, რომელიც გამაძლიერებს?!

ხოლო, თუ მთავარი ღირებულებები გაქრა და აშკარად მიუღებელთან ზღვარი წაიშალა, მაშინ აწმყოში რაღა მაერთიანებს ამ უდაოდ დიდ პოლიტიკოსთან, რომელმაც უახლოეს წარსულში ნამდვილად საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობას?! სამწუხაროა, მაგრამ უნდა დავტოვო პარტია და პოლიტსაბჭო", - წერს ლაპიაშვილი ფეისბუქზე.

29 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან" ინტერვიუში თქვა, რომ მას ყოფილ თანაგუნდელთან, გიგა ბოკერიასთან „ფუნდამენტური განსხვავებები აქვს". სააკაშვილის განცხადებით, გიგა ბოკერიამ და „ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×