(რეზონანსი) მიხეილ სააკაშვილის გუნდისგან განსხვავებით, „ევროპულ საქართველოს" გააჩნია მწყობრი და კარგად გააზრებული გზა, როგორ დავამარცხოთ „ქართული ოცნება" - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებები, არჩევნებზე მისულ ადამიანეს აფრთხობს.
„ამ ქვეყანაში, არის მხოლოდ ორი ალტერნატივა, „ნაციონალური მოძრაობა" და „ქართული ოცნება", ამიტომ ეს ორი პარტია არჩევნებზე მისულ ადამიანებს აფრთხობს. ეს პირდაპირ ემსახურება „ქართული ოცნების" ინტერესს და ხელს გვიშლის ოპოზიციას „ქართული ოცნების" დამარცხებაში. ამის მაგალითი იყო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც პირველ ტურში ოპოზიციურმა კანდიდატებმა ერთად აიღეს ხმათა უმრავლესობა. ხოლო მეორე ტურში ერთი ერთზე დარჩენილ ოცნებას საშუალება მიეცა ძალიან ცუდი და ბინძური პროპაგანდით მოეგო არჩევნები. განსხვავებით იმ პოლიტიკური გუნდისგან, რომლის ლიდერიც არის მიხეილ სააკაშვილი, „ევროპულ საქართველოს" გააჩნია მწყობრი და კარგად გააზრებული გზა, როგორ დავამარცხოთ „ქართული ოცნება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„მთავარ არხზე" საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა, თუ რა განსხვავებაა „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ევროპულ საქართველოს" შორის.
მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას „ანტიქრისტიანულ და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო" ქმედებებში ადანაშაულებს.
როგორც სააკაშვილი ამბობს, ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის დისტანცირება მომხდარიყო „ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან".