(რეზონანსი) პრეზიდენტს მეტი სერიოზულობა მართებს. ამ მორატორიუმის გამოცხადება კიდევ ერთი უბედურება მგონია, - ამის შესახებ მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" დამფუძნებელმა, პოეტმა დათო მაღრაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მაღარაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში მისთვის ერთი რამ იყო მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გამხდარიყო ადამიანი, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნდა.
„მე პირველ ტურში არ ჩავრთულვარ, თუმცა მეორე ტურის წინ ჩემი პოზიცია მკაფიოდ გამოვხატე და მივაღწიე იმას, რომ ვაშაძე არ არის დღეს პრეზიდენტი! რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, ჩემთვის მის გაპრეზიდენტებაში მნიშვნელოვანი იყო ერთი რამ - ჩვენი ტრაგიკული ემიგრაცია, ადამიანები, რომლებიც აიძულეს უცხოობაში წასულიყვნენ. მიმაჩნდა, რომ სიმბოლური იყო, სწორედ ამ წიაღიდან დაბრუნებული ადამიანი გამხდარიყო საქართველოს პრეზიდენტი. დღესდღეობით ქალბატონ სალომეს თან სდევს სკანდალები. ამ შეწყალებით ქართველმა საზოგადოებამ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. პრეზიდენტს მეტი სერიოზულობა მართებს. ამ მორატორიუმის გამოცხადება კიდევ ერთი უბედურება მგონია. რას ნიშნავს მორატორიუმი, ადამიანს შეწყალების უფლება როცა აქვს, როგორ შეიძლება ეს წაართვა?!" - განაცხადა მაღარაძემ.