„ეს ზეწოლა და ტრამპის პრობლემის მუდმივი აქტუალიზაცია არა ტრამპის იმპიჩმენტს, არამედ საარჩევნო კამპანიას უკავშირდება, რომელიც, ფაქტობრივად, დაიწყო, იმისათვის, რომ 2020 წლის არჩევნებში (ტრამპმა) გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლოს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას.
აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა აქტიურ ფაზაში შედის. 28 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ გადადგა უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი; აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, კურტ ვოლკერი და უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში დაიბარეს. უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი ტრამპს შეიძლება თანამდებობის დაკარგვად დაუჯდეს და ერთი წლით ადრე დაამთავროს პრეზიდენტობა.
ვახტანგ ძაბირაძე ტრაპმის იმპიჩმენტის გამორიცხავს, თუმცა ამ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებით არსებითად არაფერი შეიცვლება, რადგან „ასეთი სტრატეგიული მიმართულებები იშვიათად იცვლება".
„იქნებიან „რესპუბლიკელები" თუ „დემოკრატები", არ მგონია საქართველოსთან მიმართებით რაიმე შეიცვალოს. აშშ-ში ასეთი სტრატეგიული მიმართულებები იშვიათად იცვლება, თუ იცვლება საერთოდ, მაგრამ მხარდაჭერის დონე შესაძლოა იყოს განსხვავებული.
„არ ველოდები ტრამპის იმპიჩმენტს. 2020 წლისთვის აშშ-ში არჩევნები ტარდება. ამიტომ პოლიტიკური პროცესი იქაც უფრო გააქტიურებულია; განსაკურებული ვითარებაა რუსეთთან დაკავშირებით; ტრამპის პოზიცია და ზოგადად, დასავლეთის პოზიცია თანხვედრაში არ არის, მიუხედავად იმისა, საქართველოსთან მიმართებით ეს შესაძლოა არც ისე მკაფიოდ ჩანდეს, თუმცა პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და რისთვის იმპიჩმენტზე მიდის საუბარი, ძირითადად რუსეთთან ურთიერთობას ეფუძნება.
„გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ტრიუმვირატი, რომელიც შეიკრა - რუსეთს, თურქეთსა და ირანს ვგულისხმობ. შესაძლოა ამ ფაქტორმაც გარკვეული ზეგავლენა იქონიოს, თუმცა არ მგონია, საქმე იმპიჩმენტამდე მივიდეს. რუსეთსაც თავისი სტრატეგია და პრობლემები აქვს.
„თუ ტრამპის იმპიჩმენტი მოხდა, მას ვიცე-პრეზიდენტი ჩაანაცვლებს. პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ იწვევს რიგგარეშე არჩევნებს. როდესაც ერთი წელი რჩება არჩევნებამდე ადმინისტრაცია, ფაქტობრივად, გადაწყობას ვერ მოასწრებს. პოლიტიკური პროცესი, რაც ტრამპმა დაიწყო, გაგრძელდება," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ცნობისათვის, აშშ-ის კონგრესის „დემოკრატმა" წევრებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ 25 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრის დროს, დონალდ ტრამპი ვლადიმერ ზელენსკის თავისი ოპონენტის, ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უკრაინას სამხედრო დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა.
თეთრმა სახლმა 25 სექტემბერს ტრამპისა და ზელენსკის იმ სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს თხოვს, ყურადღება მიაქციოს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას. თუმცა, ჩანაწერში აშშ-ის სამხედრო დახმარების ან მისი შეწყვეტის შესახებ საუბარი არაა.