(რეზონანსი) „ლავროვი, არამარტო ბატონ ზალკალიანს, არამედ მთლიანად ქვეყანას დაგვცინის, გვამცირებს, რომ თურმე ჩვენი თხოვნით მომხდარა შეხვედრა",- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტება უნდა გააკეთონ ლავროვი-ზალკანიანის შეხვედრასთან დაკავშირებით.
„ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრა არ არის პრობლემა, პრობლემა არის შეხვედრის კონტექსტი და ის, ეხმარება თუ ხელს უშლის ეს შეხვედრა ჩვენი დეოკუპაციის პრობლემას, დევნილთა პრობლემას, თუნდაც დევნილთა საკუთრების უფლებას. „ევროპული საქართველოს" რეზოლუცია ამასაც ეხებოდა, რომ ჩვენი დევნილებისთვის წართმეულ უძრავ ქონებას, დასავლური კომპანიები აქირავებენ აფხაზეთში და ეს ეთნიკური წმენდის ერთგვარი დაკანონებაა და ხელს უწყობს ამ საკითხების აქტუალიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე თუ ხელს უშლის, ეს არის მთავარი პრობლემა. როგორც ამ შეხვედრის ირგვლივ ინფორმაციას ვიგებთ, ხელს უშლის, რადგან ჯერ ერთი, ლავროვი, არამხოლოდ ბატონ ზალკალიანს, არამედ მთლიანად ქვეყანას დაგვცინის, გვამცირებს, რომ თურმე ჩვენი თხოვნით მომხდარა შეხვედრა. მის თანახმად, თურმე დეოკუპაციაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი", - განაცხადა კანდელაკმა და დასძინა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტება უნდა გააკეთონ.
შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.