რეზონანსი
28.09.2019

 (რეზონანსი) პატიმრობაში მყოფი დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკა მამალაძე პრეზიდენტის ბოლოდროინდელ შეწყალებას ეხმაურება და დეკანოზის პატიმრობას „პრინციპულ უმოწყალობად" აფასებს.

„ამ შეწყალების აქტის გამოცემას საზოგადოებაში ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა და საჯაროდ გამოთქმული არაორაზროვანი ვარაუდების გამო გამოძიებაც კი დაიწყო შესაბამისმა ორგანომ ე.წ. შეწყალების სიის წარმომავლობასთან დაკავშირებით; არსებულის ფონზე ჩვენს გულისტკივილს იწვევს ის უმოწყალობა, რასაც ვხედავთ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ, რომელსაც მისჯილი აქვს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა. იმის შემდეგ, რასაც ამ დღეებში ვხედავთ და გვესმის, კიდევ უფრო მეტად დამაფიქრებელია ის ე.წ. „პრინციპული" უმოწყალობა, რასაც ადგილი აქვს დატყვევებული დეკანოზის მიმართ; მით უფრო, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს მის ბრალეულობას.

საზოგადოდ კი უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ, ქრისტიანებს, არ გვესწავლება, რომ შეწყალება (პატიება), ეს უაღრესად ჰუმანური ქმედება, არის ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების შემადგენელი მნიშვნელოვანი ასპექტი. გავიხსენოთ, თუნდაც, წმიდა სახარებისეული იგავი უწყალო მონის შესახებ (მთ. 18,21-35), სადაც საუბარია ადამიანზე, რომელსაც ბატონმა დიდი ვალი აპატია, ხოლო მან, თავის მხრივ, არ აპატია მცირედი ვალი ადამიანს, რომელსაც, პირიქით, მისი ემართა; უმოწყალობის შედეგი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. მიუტევე და მოგეტევება; აი, მთავარი სამოქმედო პრინციპი ქრისტიანისა", - წერს თორნიკე მამალაძე ფეისბუქზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×