(რეზონანსი) ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ეხმიანება და ცხადებს, რომ კონფლიქტის მხარეებს შორის კომუნიკაციას თეორიული აზრი მაშინ ენიჭება, როდესაც მხარეებს კონფლიქტის დარეგულირების სურვილი ერთობლივად აქვს.
„თეორიულად კონფლიქტის რეჟიმში კომუნიკაციას შეიძლება უფრო მიესალმებოდე, ვიდრე დისკომუნიკაციას, მაგრამ კონფლიქტის მხარეებს შორის კომუნიკაციას თეორიული აზრი მაშინ ენიჭება, როდესაც მხარეებს ერთობლივად აქვს სურვილი კოფლიქტის დარეგულირებისა და არსებობს ღიაობა კონფლიქტის მოგვარებისა გარკვეული კომპრომისების მოძიების გზით.
რუსული მხარე, სამწუხაროდ, როგორც ვხედავთ, ნულოვან ინტერესს ამჟღავნებს არათუ კონფლიქტის დარეგულირებისა ქართულ მხარესთან, არამედ სრულად ჩაკეტილია და კომპრომისის თეორიულ საფუძველსაც არ წარმოადგენს.
შესაბამისად, გამოდის, რომ ქართული მხარის მოწადინებები შეხვედრებზე, კომუნიკაციის პირდაპირ ფორმატზე და ა.შ. მხოლოდ რიტუალურია და მხოლოდ რუსეთს აძლევს საბაბს არა მხოლოდ ცინიზმისა, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისათვის თვალის ახვევისა, რომ თითქოსდა რუსულ-ქართული მხარეები გარკვეული პირდაპირი კომუნიკაციის რეჟიმშია და არ საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას... ეს, რბილად რომ ვთქვათ, ანტისახელმწიფოებრივია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს სრულად ეწინააღმდეგება.
რაც გინდა ლანძღოთ წინა ხელისუფლება, მათ თითქმის ყველა ბერკეტი სცადეს რუსეთთან კომუნიკაციისა, წინა პრეზიდენტი თითქმის საათი ელოდა თავის დროზე პუტინთან შეხვედრას და შემდეგ მაინც პოზიტიურად შეხვდა, გამოიყენა დიპლომატიური ლექსიკის მაქსიმალური რაოდენობა და პოზიტიურ კონტექსტში სცადა პუტინთან ურთიერთობას, იყო ნეგატივიც, კონფლიქტიც და საბოლოოდ, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა რუსეთთან ურთიერთობა და შესაბამისად, პროცესი დაკონსერვდა.
ფაქტია, რომ მოცემულ მომენტში კომუნიკაციის დაკონსერვების იქით გზა არ არის და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იგივე გზაზე სიარული, რაც ადრე უკვე გავიარეთ, არა თუ არაფრის მომცემია, არამედ ანტისახელმწიფოებრივი და ფუჭია დღეს რუსეთთან ნებისმიერი კომუნიკაცია, გარდა იმ ფორმატისა, სადაც საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლობაა ჩართული (ე.წ. ჟენევის ფორმატი)... ასევე თავის შედეგითა და შინაარსით ანტისახელმწიფოებრივია ნებისმიერი პოლიტიკოსის თუ პოლიტიკოსთა ჯგუფის კომუნიკაცია რუსეთთან, რომელიც ერთგვარი ურთიერთობის ილუზიას ქმნის და ეს რიტუალები მხოლოდ რუსულ მხარეს აძლევს ხელს, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია საერთაშორისო საზოგადოებას ესაუბროს, რომ რუსული მხარე ურთიერთობის რეჟიმშია მის მიერ ოკუპირებულ ქვეყანასთან და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას არ საჭიროებს.
სამწუხაროდ, სიტუაცია მძიმე, მაგრამ მკაფიოდ და მარტივად არის წარმოდგენილი. დღეს რუსულ მხარესთან კომუნიკაციის არანაირი რესურსი არ არსებობს, რადგან არ არსებობს მზაობა რუსული მხრიდან პირველ რიგში და ეს პროცესი კვლავ უნდა დაკონსერვდეს, სანამ რუსული მხარე თეორიულად მაინც არ იქნება ღიაობისა და ინტერესის რეჟიმში საერთო ენა გამონახოს მის მიერ იკუპირებულ ქვეყნებთან თავისი იმპერიალისტური ინტერესების მცირედად დათმობის გზით", წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქზე.