(რეზონანსი)ვარკეთილში, 16 წლის მოზარდზე, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან სავარაუდოდ, გადმოხტა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
„კურიერს" ერთ-ერთი დაკავებულის ბებია უყვება, რომ გარდაცვლილს ნაცნობებმა ტელეფონი წაართვეს და დაალომბარდეს. სკოლის მოსწავლეს უთხრეს, რომ მომხდარის შესახებ არსად არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ.
ბრალდებულების ახლობლებს უჭირთ გამოძიების ოფიციალური ვერსიის დაჯერება, რომ თვითმკვლელობის მიზეზი შეიძლებოდა მხოლოდ მობილური ტელეფონის წართმევა ყოფილიყო.
საქმის მასალებით დგინდება, რომ დაკავებულების გარდა საქმეში კიდევ ერთი პირიც ფიგურირებს - ტაქსის მძღოლი დავით დავითაშვილი. სწორედ, ეს არის პიროვნება, რომლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობითაც გარდაცვლილის მობილური ტელეფონი დალომბარდდა. საქმე მოცულობითია და მტკიცებულებებს ადვოკატები ახლაც ეცნობიან.
16 წლის მოზარდის ცხედარი 9 სართულიანი კორპუსის ეზოში 3 დღის წინ ნახეს. ახლობლები თვითმკვლელობის საეჭვო გარემოებებზე თავიდანვე საუბრობდნენ, თუმცა ამ დრომდე მომხდარის დეტალები უცნობი იყო. მოზარდს ხვალ დაკრძალავენ.
შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით ექვსი პირია დაკავებული. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, გამოძიებას დაემატა კიდევ ერთი, სსკ-ის 178-ე, ძარცვის მუხლი.