(რეზონანსი)ვაპირებდი განცხადების გაკეთებას, რომ მოსამართლეთა სიას არ გავიტანდი, მაგრამ მე მოვითხოვე წინაპირობად ზარდიაშვილის გადადგომა, იმიტომ, რომ მას რჩებოდა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების მანდატი და ამას არ დავუშვებდი, რომ კლანის ხელში დამეტოვებინა ეს კომიტეტი. შემდეგ, ივანიშვილმა მითხრა, რომ ის დაწერდა განცხადებას, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" ვანო ზარდიაშვილთან დაწყებული დაპირისპირების დეტალებზე საუბრისას განაცხადა.
ბესელიამ „ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. დეპუტატის განმარტებით, მისი მთავარი მიზანი მოსამართლეთა სიის შეჩერება იყო, რასაც მისი გადადგომა და ბრძოლაში ჩაბმა მოჰყვა.
„ის მოიყვანა ჩინჩალაძემ და ჩაასმევინა სიაში, მე არ ვიცოდი, თუ ვინ იყო ის. შემდეგ გავიგე, თუ ვინ იყო მისი პატრონი და ავკრძალე მასთან ურთიერთობა. მქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, სადაც ის მთხოვდა, რომ სიაში ყოფილიყო ჩინჩალაძე და ვუთხარი, რომ არ გავიტანდი ამ სიას არაფრის დიდებით. იმ დღესვე, ვაპირებდი განცხადების გაკეთებას, მაგრამ მე მოვითხოვე წინაპირობად ზარდიაშვილის გადადგომა, იმიტომ, რომ მას რჩებოდა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების მანდატი და ამას არ დავუშვებდი, რომ კლანის ხელში დამეტოვებინა ეს კომიტეტი და ივანიშვილმა მითხრა, რომ დაწერს განცხადებასო. ჩემთვის მთავარი იყო ის შედეგი რისთვისაც ვიბრძოდი, რომ სია არ გამოსულიყო, ამის საფასური იყო ჩემი გადადგომა და ამის საფასური იყო შემდეგ ის ბრძოლაც და ომიც, რომელშიც შევედი." - განაცხადა ეკა ბესელიამ.