(რეზონანსი)2009-2010 წლებში უმძიმესი პერიოდი მქონდა და მაშინაც არავის ვუნახივარ წონასწორობიდან გამოსული, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.
„მე ყველაფრისთვის მზად ვარ და ეს მეტყობა, მათ შორის ჩემი თავი პირველად დავინახე ისეთ როლში, რომელშიც დავინახე გუშინ. სხვათა შორის, ვიხსენებდი 2009-2010 წლების პერიოდს. შედარებაც არ არის. ალბათ, ეს ის პერიოდია, როდესაც ყველაზე მძიმე წლები იყო ჩემს ცხოვრებაში. მაშინ სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც ვერ მოიფიქრეს, როგორ უნდა დავესაჯე, ჩემი სკოლის მოსწავლე შვილი და ძმა ერთად დაიჭირეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით. მე ორი წელი ამ ომში ვიყავი ჩართული და ისე გავიარეთ სამივე ინსტანცია, რომ ვერც ერთი, ვერც მე და ვერც ის პატარა ბიჭები ვერ დაითანხმეს საპროცესო შეთანხმებაზე. მაგრამ, არავის არ ვუნახივარ წონასწორობიდან გამოსული. საბრალდებო სკამზე იჯდა ჩემი შვილი და ჩემი ძმა, რომელიც ასევე შვილივით მყავს გაზრდილი, იმიტომ რომ 12 წლით პატარაა ჩემზე. მე არ გამოვსულვარ მდგომარეობიდან.
გუშინ ჩემს თავს რომ ვუყურებდი, მე თვითონ ვერ ვიცანი. შეიძლება რაღაცა ძალიან მძიმე ამბავი ისე გადაიტანო, რომ შეინარჩუნო სიმშვიდე. იმ ბრძოლაში როდესაც ვიყავი, ვიცოდი, როგორ მებრძოდნენ, მაგრამ როდესაც ადამიანი გადალახავს ყველა აკრძალულ ზღვარს და ხაზს, ყველაფერს რომ იკადრებს, ორი რამე უნდა გააკეთო - ან მართლა ფსიქიატრიულშია წასაყვანი, ან უნდა დადგე და იხარხარო. უბრალოდ მე ახლა არ ვარ ხარხარის ხასიათზე", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში ვანო ზარდიაშვილმა ეკა ბესელიას მორალზე იქილიკა, რის საპასუხოდაც ბესელია მას ფიზიკურად დაუპირისპირდა.