(რეზონანსი) ოფიციალური მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენისთვის შესაბამისი პირობები შეიქმნება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ავიამიმოსვლა შეჩერდა. ის არ გაუქმებულა სამუდამოდ. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ თავის დროზე შეიქმნება აუცილებელი პირობები იმისათვის, რომ ფრენები აღდგეს", - აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე საქართველოსთან ფრენების აღდგენის სურვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა.
მიმდინარე წლის 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. ვლადიმირ პუტინმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ეს ზომები მისი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის დასჭირდა.
მოგვიანებით ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა მაშინ მოიხსნება, როდესაც საქართველოში ვითარება დასტაბილურდება.